აი, რა უნდა იცოდე როქის შესახებ:
როქი განსაკუთრებული საჭადრაკო სვლაა, რომელიც უცნაური წესით კეთდება. ის იმდენად გიჟურად გამოიყურება, რომ ერთი შეხედვით თაღლითობასაც კი წააგავს. არ იდარდო, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ვერავინ შემოგედავება.
გაინტერესებს როგორია ეს უცნაური მოძრაობები? პირველ რიგში, მეფე გადადის ორ უჯრაზე მარჯვნივ ან მარცხნივ. ამის შემდეგ ეტლი მეფეს თავზე ახტება და მეორე მხარეზე მის გვერდით ეშვება. დაუჯერებელი ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთ სვლაზე ხდება!
როქირება მეფის დასაძინებლად დაწვენას ჰგავს. თითქოს თავქვეშ ბალიშად ეტლს ვუდებთ და ზედ პაიკებისგან შეკერილ საბანს ვახურავთ. ასე მეფე უსაფრთხოდაა, შეუძლია მოდუნდეს და ტკბილ სიზმრებს მისცეს თავი.
თაღლითთან თამაში არავის სურს, ამიტომ თუ როქის გაკეთება გსურს (და ნამდვილად უნდა გსურდეს), რამდენიმე წესი უნდა დაიცვა.
გაითვალისწინე, რომ როქს ვერ გააკეთებ თუ მასში მონაწილე რომელიმე ფიგურით სვლა უკვე გაკეთებული გაქვს. თუ მეფე გამოძრავებულია, როქირება შეუძლებელია. თუ ეტლი გამოძრავებულია, ამ ეტლით როქირება შეუძლებელია.
ასევე, იმ მხარეზე, რომელზეც როქირებას აპირებ, მეფესა და ეტლს შორის ფიგურები არ უნდა იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში როქს ვერ გააკეთებ.
როქირება შეუძლებელია ქიშის დროს, თუმცა თუ მუქარის ქვეშ ეტლია, სვლა ნებადართულია.
როქი აკრძალულია ქიშის გავლით ანუ იმ შემთხვევაში, როცა მეფის მიერ გასავლელი რომელიმე უჯრა მუქარის ქვეშაა.
ზედმეტად რთული წესები ხომ არაა დასამახსოვრებლად? სულაც არა. არ ინერვიულო, მხოლოდ გონებაში ჩაიბეჭდე, რომ როქის გაკეთება არ შეიძლება ქიშის დროს, ქიშზე გავლით და ქიშის უჯრაზე მისვლით.
ახლა ორივე ფიგურის მოძრაობის წესი დავიმახსოვროთ. მეფე გადადის ორ უჯრაზე, ეტლი გადმოდის და დგება მეფის მეორე მხარეზე. თუ ამ მანევრებს დაფის იმ კიდისკენ განვახორციელებთ, რომელთანაც მეფე უფრო ახლოსაა, ვამბობთ, რომ გავაკეთეთ მოკლე როქი ან როქი მეფის ფლანგზე. ნოტაციაში მას აღვნიშნავთ შემდეგი სიმბოლოთი: O-O.
როქირება შეგვიძლია მეორე მხარეზეც. ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ გავაკეთეთ გრძელი როქი ან როქი ლაზიერის ფლანგზე. ნოტაციაში ამ სვლის სიმბოლო იქნება O-O-O.
როქის გაკეთება ძალიან მარტივია როცა ChessKid.com-ზე ონლაინ თამაშობ. შენ მხოლოდ მეფის გადაადგილება გიწევს იმ მხარეზე, რომელზეც როქირება გსურს. დანარჩენს კომპიუტერი ავტომატურად აკეთებს.
როქს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მისი გაკეთება არ უნდა დაგავიწყდეს. ის მეფეს უსაფრთხო გარემოს უქმნის და ეტლს ავითარებს. ერთი სვლისთვის ცუდი არ არის!
დააკვირდი მოცემულ პოზიციას:
თეთრებმა როქი მეფის ფლანგზე გააკეთეს, შავი მეფე კი, კვლავ ცენტრში დგას. მოძებნე პასუხები შემდეგ კითხვებზე:
ადვილად მიხვდები, რომ ორივე თვალსაზრისით უპირატესობა თეთრების მხარეზეა. მათი მეფე დაცულია f2, g2 და h2 პაიკებით. მათი ეტლიც ადვილად გამოვა e-ვერტიკალზე და ხელში აიღებს შუა დაფაზე მოქმედების სადავეებს. ახლა გასაგებია თუ რატომ ჩქარობენ ხოლმე დიდოსტატები როქის გაკეთებას. შენც უნდა მიბაძო მათ!
ახლა, როცა იცი თუ რატომაა როქირება მნიშვნელოვანი, მისი გაკეთებაც უნდა სცადო. შეგიძლია შეასრულო როქი ლაზიერის ფლანგზე თეთრი ფიგურებით?
ყოჩაღ! ახლა სცადე როქირება მეფის ფლანგზე შავებით.
მშვენიერია! შეიძლება ითქვას, რომ როქის ოსტატი ხარ!
ახლა უკვე იცი თუ რას ნიშნავს როქის გაკეთება ჭადრაკში, რატომაა ის მნიშვნელოვანი და როგორია მისი წესები. გადადი გაკვეთილების გვერდზე, შეისწავლე სხვა საჭადრაკო იდეები და წესები, გახდი უკეთესი მოთამაშე.
ეს შესანიშნავი ინფოგრაფიკა, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია, როქირების მომაჯადოებელ სამყაროში გამოგზაურებს. მზად ხარ აიმაღლო საჭადრაკო დონე?
მეტი ინფოგრაფიკისთვის, საგანმანათლებლო და სახალისო მასალებისთვის ეწვიე რესურსების გვერდს.