ის წვეტიანი ფიგურები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებსა და მხედრებს შორის დგანან, კუები გახლავთ. პარტიის დასაწყისში თითოეულ მოჭადრაკეს ორი კუ ჰყავს - თეთრუჯროვანი და შავუჯროვანი.
როგორც ხედავთ, თეთრების შავუჯროვანი კუ თამაშს c1 კვადრატიდან იწყებს, თეთრუჯროვანი კი - f1-დან. შავების შავუჯროვანი კუ f8-ზე დგას, თეთრუჯროვანი - c8-ზე.
კუ (მხედრის მსგავსად) მეორეხარისხოვანი ფიგურაა. მას სამი ქულა აქვს მინიჭებული. კუ პაიკზე მეტად ფასობს, უტოლდება მხედარს, თუმცა ნაკლებად ღირებულია, ვიდრე ეტლი ან ლაზიერი.
კუ დადის დიაგონალურად ნებისმიერ მანძილზე. ფიგურებზე გადახტომა, სხვების მსგავსად, არც მას შეუძლია.
ნიშანდობლივია, რომ კუს, მთელი პარტიის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის კვადრატებზე შეუძლია გადაადგილება. გამოდის, რომ თეთრუჯროვანი კუები თამაშობენ თამაშს - შავი უჯრა ლავაა და პირიქით, შავუჯროვანი კუები თამაშობენ თამაშს - თეთრი უჯრა ლავაა.
მოძრაობის წესებიდან გამომდინარე, კუ ვერასდროს აიყვანს ფიგურას, რომელიც განსხვავებული ფერის უჯრაზე დგას. ეს, ალბათ, ძალიან გამაღიზიანებელია კუსთვისაც და მოთამაშისთვისაც.
კუები უფრო ძლიერდებიან, როცა ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ერთი მათგანი 64 უჯრიდან მხოლოდ ნახევარს ფარავს, ორი კუ ერთად კი, მთელ დაფას აკონტროლებს. ნახეთ, რამდენ კვადრატს შეიძლება შეუტიონ კუებმა გაერთიანებული ძალებით!
კიდევ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ: როდესაც კუ ფიგურას მოკლავს, მოკლულის უჯრაზე უნდა დაეშვას და იქ გაჩერდეს. კუ ერთი სვლით ერთზე მეტ ფიგურას ვერ აიყვანს, თუნდაც მეტოქის გუნდის წევრები მის დიაგონალზე იყვნენ ჩამწკრივებულები.
ახლა უკვე იცით თუ რომელია კუ, როგორია მისი მოძრაობის წესები და რატომ ძლიერდება ის მეორე კუსთან გაერთიანების შემთხვევაში. გადადით გაკვეთილების გვერდზე და გაიგეთ კიდევ უფრო მეტი ამ ფიგურის შესახებ!