აი, რა უნდა იცოდეთ ჭადრაკის საათის შესახებ:
ჭადრაკის საათი სათამაშო დროის კონტროლისთვისაა განკუთვნილი. ის აჩვენებს თუ რა ვადა აქვს დარჩენილი თითოეულ მოჭადრაკეს.
ჭადრაკის საათს ორი ციფერბლატი აქვს. თითოეული მოთამაშისთვის თითოა განსაზღვრული. პარტიის დაწყებამდე მსაჯი მასზე სასურველ დროს აყენებს. ChessKid-ზე შენ თავად ირჩევ სათამაშო დროის კონტროლს იქამდე, სანამ ჩვენ მოწინააღმდეგეს შეგირჩევთ.
პარტიის დასაწყებად შავი ფიგურებით მოთამაშე ღილაკს თითს აჭერს და საათს რთავს. ამ მოქმედებით იწყება თეთრების დროის უკუთვლა. თეთრი ფიგურებით მოთამაშე, როგორც კი სვლას აკეთებს, მეორე ღილაკს აწვება. ამ მოქმედებით მისი დრო ჩერდება და შავების დროის უკუთვლა იწყება. როცა შავები ითამაშებენ, საკუთარი დროის გასაჩერებლად და მეტოქის დროის ჩასართავად კვლავ პირველ ღილაკს აჭერენ ხელს და ა.შ.
თუ ChessKid-ზე თამაშობ, ღილაკზე თითის დაჭერა არ გიწევს. შენი დროის უკუთვლა აქ სვლის გაკეთებისთანავე ავტომატურად ჩერდება და მეტოქისა ირთვება.
თუ მოჭადრაკეს დრო ამოეწურება, პარტია წაგებულად ეთვლება. შესაბამისად, თამაშის ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილ დროზე თვალყურის დევნება.
საჭადრაკო პარტიის დროის კონტროლი შეუძლებელი იქნებოდა ჭადრაკის საათის გარეშე. მის გამოგონებამდე თამაშები 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა! წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნებოდა ასეთი პარტიის ყურება. თამაში ხომ მითუმეტეს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარცხით ასრულებდა.
ChessKid-ზე საათის საკითხი გადაჭრილია, მაგრამ იქნებ გინდათ საკუთარი ჭადრაკის საათი გქონდეთ და მეგობრებთან პირისპირ თამაშის დროს გამოიყენოთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ორი არჩევანი გაქვთ.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანალოგური საათი. ისეთი, რომლითაც, სავარაუდოდ, თქვენი ჭადრაკის მოყვარული ბებია-ბაბუები თამაშობდნენ. ასეთი საათის ციფერბლატები წითელი ალმებითაა დამშვენებული. თუ რომელიმე ალამი ჩამოვარდება, ე.ი. ერთ-ერთი მოჭადრაკის დრო ამოიწურა და თამაში დასრულდა.
ჭადრაკის ანალოგური საათი. ფოტო: Wikimedia, CC.
არსებობს ჭადრაკის საათის უფრო თანამედროვე ვერსიაც. მისი ციფერბლატები ციფრულია და პირდაპირ აჩვენებს დარჩენილი დროის რაოდენობას. ციფრული საათის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას დამატებითი დროის და შეფერხების კონტროლიც შეუძლია. მისი წყალობით მოჭადრაკეები თითოეულ სვლაზე გარკვეულ დანამატს იღებენ.
ჭადრაკის ციფრული საათი. ფოტო: Wikimedia, CC.
რა არის ჭადრაკის საათი? როგორ მუშაობს და რა ფუნქცია აქვს? ამ კითხვებზე პასუხები უკვე მიიღეთ. ახლა გადადით გვერდზე თამაში და გამოიწვიეთ სხვა ბავშვები დროით კონტროლირებადი პარტიების სათამაშოდ!