ყველა მოჭადრაკეს უნდა ესმოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენდშპილების ცოდნა.
ენდშპილი საჭადრაკო პარტიის მესამე და ბოლო ფაზაა. ის დებიუტისა და მიტელშპილის შემდეგ დგება. მართალია, შამათის ჩასმა თამაშის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, მაგრამ პარტიების უმრავლესობა ენდშპილში გადასვლამდე არ სრულდება.
ენდშპილში შესვლის შესახებ მკაცრი წესები არ არსებობს, თუმცა, ჩვეულებრივ, ის ფიგურების გაცვლით იწყება ხოლმე. თუ მეტოქეს უფრო ნაკლები ფიგურა ჰყავს, მნიშვნელოვანია, რომ შენ აქტიური მეფე გყავდეს - გამსვლელ პაიკს აძლიერებდეს ან შუა დაფაზე შემტევად თამაშობდეს. შედეგად ის ენდშპილში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გამორჩეულ ფიგურად მოგვევლინება. აქტიური მეფე ხშირად თამაშის ბედს წყვეტს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, მეფის ღირებულება შეუფასებელია, ენდშპილში ის ძლევამოსილ ფიგურად შეიძლება მოგვევლინოს.
ენდშპილს სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიებიც აქვს. ამ დროს იზრდება პაიკების მნიშვნელობა, რადგან მოთამაშეები მათ ლაზიერში გაყვანას ცდილობენ. ლაზიერში გასვლა ენდშპილში მთავარი ამოცანაა. როგორც წესი, იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს. თუ გინდა, რომ ეს შენ იყო, უნდა მოერიდო პაიკის იზოლირებას, რადგან მისი დაცვა უფრო რთული ხდება და პაიკების გაორებას, რადგან ეს მათ მოძრაობას უზღუდავს.
ეტლებს შეუძლიათ ენდშპილის მიმართულება შეცვალონ. მეშვიდე ჰორიზონტალი ამისთვის საუკეთესო ლოკაციაა. აქედან ეტლს შეუძლია მეტოქის დაუცველ პაიკებს შეუტიოს და მეფეს ბოლო ჰორიზონტალიდან გამოსასვლელი გზა გადაუღობოს. პარალელურად, საკუთარი მეფის უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნო.
ლაზიერში გასვლას მთლიანად შეუძლია შეცვალოს ენდშპილის ბედი და პარტიის შედეგი.
როდესაც მატერიალური უპირატესობა შენ მხარეზეა, შენი ამოცანა ფიგურების გაცვლა უნდა იყოს. ამით მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობებს შეუზღუდავ. მომგებიანი პოზიციის შესანარჩუნებლად ზოგჯერ ერთი ზედმეტი პაიკიც საკმარისია. თუ გამსვლელი პაიკი გყავს, მის დასაწინაურებლად ყველაფერი უნდა გააკეთო!
შამათის ჩასმის საბაზისო სქემების ცოდნა აუცილებელია. არსებობს ენდშპილები, რომლებიც დაფაზე დარჩენილი ფიგურების მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად, მეფისა და პაიკის ენდშპილი ან ეტლისა და პაიკის ენდშპილი. მკაფიო უპირატესობის ფლობა, მაგალითად მეფის და ლაზიერის ყოლა მარტოხელა მეფის წინააღმდეგ, არის თუ არა გადამწყვეტი თამაშის ბოლო ეტაპზე? ChessKid-ის ამ თავსატეხის ამოხსნა სცადე.
მეფით და ლაზიერით მეტოქის მარტოხელა მეფის დაშამათება მარტივია.
სხვა საშამათო სქემებია: მეფე და ეტლი მეფის წინააღმდეგ, მეფე და ორი კუ მეფის წინააღმდეგ, მეფე, კუ და მხედარი მეფის წინააღმდეგ.
უფრთხილდი შესაძლო ტაქტიკებს მოწინააღმდეგის მხრიდან. მათი მიზანი შენი უპირატესობის მოსპობაა. მეფე უსაფრთხოდ გყავდეს და, რაც მთავარია, არაფერი დასვა!
თუ ენდშპილში არაფერს დასვამ, დიდი ალბათობით, მომგებიან პოზიციას შეინარჩუნებ.
რა ვქნათ მაშინ, როცა პოზიცია თანაბარი და დაბალანსებულია? არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რომლებიც სიტუაციის საჩვენოდ შემოტრიალებაში დაგვეხმარება:
მტრის ციხესიმაგრის ასაღებად ერთზე მეტი ფიგურა დაგჭირდება. შექმენი ცოცხალი ჯაჭვი.
თუ აგებ, იბრძოლე, რათა მეტოქეს საქმე მაქსიმალურად გაურთულო. თუ ფიგურა ან ფიგურები გაკლია, ერიდე გაცვლას, რომელიც მხოლოდ მოწინააღმდეგის პოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
ენდშპილის ძლიერ მოთამაშეებს პარტიის გადარჩენაც კი შეუძლიათ.
თუ მოგების გზას ვერ პოულობ, ეცადე ყაიმი გააკეთო. შეგიძლია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ტექნიკის საშუალებით შამათი აირიდო?
იცი როგორ უნდა გააყაიმო პარტია პატით?
ყაიმის სხვა ხერხები: სვლების გამეორება, სხვადასხვა ფერის კუები და 50 სვლის წესი. ცოტა ეშმაკობაც მნიშვნელოვანია.
ენდშპილების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო თამაშში დიდი სიზუსტეა საჭირო. ფაქტია, რომ გამარჯვების მოპოვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაქვს მეტოქის დაშამათების უნარი. ცნობილი საჭადრაკო მწერალი - ირვინგ ჩენევი გვირჩევს: “თუ ჭადრაკში მოგება გინდა, სწავლა ენდშპილით დაიწყე."
თუ ჭადრაკში მოგება გინდა, სწავლა ენდშპილით დაიწყე
— ირვინ ჩენევი
ენდშპილის სქემების ცოდნა აუცილებელია. რამდენად კარგად იცი ლაზიერის ენდშპილები, ეტლის ენდშპილები, და უპაიკო ენდშპილები? იცი, რომ მეფით და მხედრით ან მეფით და კუთი მარტოხელა მეფის დაშამათება შეუძლებელია?
შეგიძლია ჩასვა შამათი კუთი და მხედრით? ორი კუთი? შეგიძლია, მაგრამ უნდა იცოდე როგორ. ძირითადი საშამათო სქემების ცოდნა თავდაჯერებულობას გმატებს და წარმატებისკენ გზას გიხსნის. ChessKid-ის ყველა სასწავლო რესურსი ღირებულია, მაგრამ თავსატეხები და გაკვეთილები ენდშპილებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ChessKid-ზე თავსატეხების ამოხსნა შესანიშნავი გზაა ენდშპილებში დასაოსტატებლად.
როგორც უკვე მიხვდი, ბოლო თამაში კარგ შესწავლას საჭიროებს. ChessKid-ის გაკვეთილები მოიცავს როგორც საბაზისო, ასევე, იშვიათ საშამათო და საენდშპილო სქემებს.
ენდშპილს უნდა სწავლობდეს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მოჭადრაკე. მისი ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისევე, როგორც დებიუტისა და მიტელშპილის. შეგიძლია ChessKid-ის ვიდეოს ყურებით დაიწყო, რომელშიც მხიარულების ოსტატი მაიკი გვასწავლის თუ როგორ მოვიგოთ ენდშპილში ეტლით პაიკის წინააღმდეგ.