ჩანგალი: უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო ტაქტიკა

ჩანგალი საკმაოდ გავრცელებული ტაქტიკური სვლაა ჭადრაკში. სტატიის წაკითხვის შემდეგ ეს ტაქტიკა კარგად გეცოდინება და საკუთარ პარტიებშიც სწორად გამოიყენებ. აი, რა უნდა იცოდე:

chess knight with fork

რა არის ჩანგალი?

ჩანგალი, ორმაგი დარტყმის ერთ-ერთი სახეობა, განსაკუთრებული ტაქტიკაა. ის ბევრი მოჭადრაკის საყვარელი სვლაა, რადგან ერთი ფიგურით მეტოქის ორ ან მეტ ფიგურაზე თავდასხმის და მათგან ერთის აყვანის საშუალებას იძლევა. 

შემტევი ფიგურა ჩანგლის შემოქმედად ითვლება, მის მსხვერპლებს კი, ჩანგალზე წამოგებულებს ვეძახით. ტაქტიკის მიზანი მუქარის ქვეშ მყოფთაგან ერთ-ერთის აყვანაა.

Queen with fork

რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ როგორ გავაკეთოთ ჩანგალი?

მხედველობიდან გამორჩენილი პოტენციური ჩანგალი პარტიის წაგების მიზეზი ხშირად გამხდარა. ზოგჯერ მოთამაშე ვერ ამჩნევს თუ როგორ უმზადებს მეტოქე ჩანგალს, ზოგჯერ კი, თავისივე პოზიციაში ვერ ხედავს დიდი უპირატესობის მოპოვების ამ შესაძლებლობას.

იქიდან გამომდინარე, რომ მოჭადრაკე ჩანგალზე წამოგებული ყველა ფიგურის დაცვას ვერ ახერხებს ხოლმე, თავდამსხმელი, როგორც წესი, მატერიალს იგებს. ჩანგალი კიდევ უფრო მეტად ფორსირებულია, როცა მეტოქის მეფე ქიშის ქვეშაა. ასეთ დროს, პირველ რიგში, მეფის დაცვა და შამათის თავიდან არიდებაა საჭირო.

რომელ ფიგურებს შეუძლიათ შექმნან ჩანგალი?

ალბათ გაგიკვირდება როცა გაიგებ, რომ ჩანგლის გაკეთება შენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ფიგურას შეუძლია. მოდით, ვნახოთ თუ როგორ ახერხებენ ლაზიერი, ეტლი, კუ, მხედარი, პაიკი და მეფეც კი, მეტოქის ფიგურების ჩანგალზე წამოგებას.

Fork in chess by queen
სამმაგი ჩანგალი - ლაზიერი თავს ესხმის სამ ფიგურას: ორ ეტლს და მხედარს. რადგან ლაზიერში კუსა და ეტლის მოძრაობის უნარებია გაერთიანებული, მას ძლიერი ჩანგლის შექმნა შეუძლია.

 

Fork by rook in chess
ეტლს შეუძლია ჩანგალზე წამოაგოს ორი ფიგურა ერთ ჰორიზონტალზე ან ვერტიკალზე

 

Fork by bishop in chess
როცა მოთამაშის ორი ფიგურა ერთ დიაგონალზე დგას, კუს ხშირად ეძლევა ჩანგლის შესაძლებლობა მათ შორის ჩადგომით.

 

fork by knight in chess
მხედარს შეუძლია ერთდროულად რვა უჯრას შეუტიოს, ამიტომ მას მეტოქის ფიგურების ჩანგალზე წამოგება კარგად ეხერხება.

 

fork by pawn in chess
პაიკსაც კი შეუძლია შექმნას ჩანგალი.

 fork by king in chess
მეტოქის არასწორმა თამაშმა შესაძლოა შენს მეფესაც კი მისცეს ჩანგლის გაკეთების შესაძლებლობა.

რატომ არის მხედარი შეუცვლელი ფიგურა ჩანგლისთვის?

მხედარს სხვა ფიგურაზე გადახტომა შეუძლია და ეს განსაკუთრებული მოქნილობა მას ოპონენტის ჩანგალზე წამოგებაშიც ეხმარება. ჩანგალზე წამოგებულ ფიგურებს, თუ მათ შორის მხედარი არაა, მისი აყვანა არ შეუძლიათ. როცა მსხვერპლთა შორის მეფეცაა, ოპონენტი იძულებულია მხედარი აიყვანოს (თუ ეს შეუძლია) ან მეფე გაწიოს, რადგან ჩაფარებას ვერ შეძლებს.

მხედარი მცირე ღირებულების მქონე ფიგურაა და მისი გაცვლა შესაძლებელია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ის მხოლოდ სამი ქულითაა შეფასებული, ამიტომ გამანადგურებელ შეტევებში მისი შეყვანა საშიში არაა. თუ ჩანგალი ითხოვს მის გაცვლას უფრო ღირებული ფიგურის, მაგალითად, ხუთქულიანი ეტლის ან ცხრაქულიანი ლაზიერის ასაყვანად, ასეც უნდა მოვიქცეთ. (ფიგურათა ფასეულობის შესახებ წაიკითხეთ ChessKid-ის სტატია “საჭადრაკო ფიგურების ღირებულებათა გაგება.”)

რა არის სამეფო ჩანგალი?

ტაქტიკას, რომლის დროსაც რომელიმე ფიგურა, განსაკუთრებით კი - მხედარი, მოწინააღმდეგის მეფე-დედოფალს ერთდროულად ემუქრება, სამეფო ჩანგალი ჰქვია. 

royal fork in chess
სამეფო ჩანგალმა შესაძლოა მეტოქეს დანებება აიძულოს.

როგორ ვივარჯიშოთ ჩანგლის გაკეთებაში ChessKid-ზე?

მენიუში "თამაში" ჩამოშალე და თავსატეხების თემებში გადადი. აირჩიე “ჩანგალი / ორმაგი დარტყმა”. აქ მოცემული თავსატეხები ჩანგლის ტაქტიკაში შენს ცოდნას შეამოწმებენ.

აღნიშნული ტაქტიკის შესახებ კიდევ უფრო მეტს გაიგებ თუ მიმოიხილავ რამდენიმე ამოცანას ChessKid-ის სტატიაში "მწვრთნელის საუკეთესო პოზიციები ჩანგლით!"

Fork/double attack puzzles on ChessKid

ბოლოთქმა

ახლა უკვე იცი თუ რა არის ჩანგალი და რატომაა ის მნიშვნელოვანი. ChessKid-ის თავსატეხებში ივარჯიშე და ამ ტაქტიკაში მეტად დაოსტატდები, შესაბამისად, სამომავლო პარტიებისთვისაც უკეთ მოემზადები.

Definition of fork in chess

ვიდეო ჩანგალზე