აქ არის ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდება:
დიდოსტატის წოდება (შემოკლებით GM) უმაღლესი საჭადრაკო ტიტულია, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო მოჭადრაკეები ატარებენ. მსოფლიოში სულ 2000-მდე დიდოსტატია!
საჭადრაკო ვიდეოები ChessKid.com-ისთვის ბევრ დიდოსტატს აქვს შექმნილი, მაგალითად, ბენ ფაინგოლდს და ლეგენდარულ იუდიტ პოლგარს.
დიდოსტატის წოდების მოსაპოვებლად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ფიდეს ოფიციალურ რეიტინგში მოთამაშის მაჩვენებელმა 2500 პუნქტს მიაღწიოს.
გარდა ამისა, მოჭადრაკემ სამი ნორმა უნდა შეასრულოს. ნორმის შესრულება საერთაშორისო ტურნირში მაღალი შედეგის ჩვენებითაა შესაძლებელი.
ამ ყველაფრის შემდეგ ფიდე მოთამაშეს დიდოსტატის წოდებას ანიჭებს. ერთხელ მოპოვებულ ტიტულს მოჭადრაკე მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს!
ფიდე უამრავ სხვა ოფიციალურ ტიტულსაც გასცემს. ერთ-ერთია ფიდეს ოსტატის წოდება, რომელიც დიდოსტატობაზე ორი საფეხურით დაბლა დგას. შემთხვევით ხომ არ გეცნობათ ეს ტიტული? ეს ხომ მხიარულების ოსტატ მაიკის წოდებაა! მისი სახელის წინ მითითებული აბრევიატურა FM სწორედ ამას აღნიშნავს.
არსებობს კიდევ ორი ტიტული, რომელთაც ფიდე გასცემს. ესენია საერთაშორისო ოსტატის და ოსტატობის კანდიდატის წოდებები. საერთაშორისო ოსტატი დიდოსტატთან შედარებით მხოლოდ ერთი საფეხურით ქვემოთ დგას, ოსტატობის კანდიდატი კი - სამით.
არსებობს ტიტულები, რომლებიც ექსკლუზიურად ქალ მოჭადრაკეებზე გაიცემა. ესენია: ქალთა ოსტატობის კანდიდატი, ფიდეს ოსტატი ქალთა შორის, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის, დიდოსტატი ქალთა შორის. ამ ჩამონათვალში წოდებები დალაგებულია ყველაზე მარტივად მოსაპოვებლიდან ყველაზე რთულად მოსაპოვებლამდე.
გინდა გაიგო თუ ვის აქვს წოდება ChessKid-ზე მოთამაშეთა შორის? მაშინ ტიტულოვანი მოჭადრაკეების გვერდს ესტუმრე.
ჩვენ უკვე ვიცით თუ რას ნიშნავს დიდოსტატის წოდება და რა არის საჭირო მის მისაღებად. ნებისმიერი ტიტულის მოპოვებას უზარმაზარი შრომა და საქმისადმი ერთგულება სჭირდება. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო იდეები შეისწავლო და ფიდეს წოდებისკენ მიმავალ გზას დაადგე.