ცოცხალი ჭადრაკი

ტერმინი "ცოცხალი ჭადრაკი" გეცნობა? ეს სიტყვათშეთანხმება ყველა მოჭადრაკემ უნდა იცოდეს. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

GMs Magnus Carlsen and Ian Nepomniachtchi shake hands after their eighth game in their 2021 world championship match.
ყველაზე პრესტიჟული ცოცხალი პარტიები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშდება. ამ ფოტოზე დიდოსტატები მაგნუს კარლსენი და იან ნეპომნიაში 2021 წლის მატჩის მერვე შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ. ფოტო: მარია ემელიანოვა /Chess.com.

რა არის ცოცხალი ჭადრაკი?

ცოცხალი ჭადრაკი ითქმის პარტიებზე, რომელთა გასათამაშებლადაც მოჭადრაკეები ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ერთმანეთს ხვდებიან და საჭადრაკო დაფასთან პირისპირ სხდებიან. საფოსტო კორესპონდენციისა თუ ონლაინ ჭადრაკისგან განსხვავებით, ცოცხალი პარტიები ყველანაირი კომპიუტერული ჩარევების გარეშე მიმდინარეობს.

Pawns playing OTB chess

განსხვავება ცოცხალ და ონლაინ ჭადრაკს შორის

ცოცხალ და ონლაინ ჭადრაკს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს. ზოგიერთი მათგანი აშკარაა, ზოგიერთი კი, შედარებით ფარული. განვიხილოთ მთავარი განსხვავებები:

სვლა შეხების შემდეგ 

შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ცოცხალ ჭადრაკში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოთამაშე ფიგურას შეეხება, სვლა აუცილებლად ამ ფიგურით უნდა გააკეთოს (თუ ეს კანონიერად შესაძლებელია). ონლაინ-ჭადრაკში ასე არ ხდება, რადგან მოჭადრაკეები ფიგურებს ხელს არ კიდებენ, შესაბამისად, თუ ფიგურა ახალ უჯრაზე ჯერ არ დაშვებულა, ანუ თუ სვლა ჯერ დასრულებული არ არის, მისი შეცვლა შესაძლებელია. გაიგე უფრო მეტი შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესზე ChessKid-ის ამ ვიდეოდან.

Touch-move rule
შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ცოცხალი ჭადრაკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სვლების ჩაწერა

კიდევ ერთი დიდი განსხვავება ისაა, რომ ონლაინ თამაშის დროს სვლები ავტომატურად იწერება, სწორედ ისე, როგორც ეს ChessKid-ზე ხდება. ასეთი პარტიების შენახვა და გაანალიზება სამომავლო საჭიროებებისთვის მარტივია. როცა დაფაზე დაძაბული პოზიციაა და მოთამაშეებს მცირე დრო აქვთ დარჩენილი, ავტომატური ნოტაცია სტრესს ამცირებს, რადგან ასეთ დროს, მოჭადრაკეებს სვლების ჩაწერა ავიწყდებათ ხოლმე ან ეშლებათ. ცოცხალ ჭადრაკში სვლები ხელით სპეციალურ ბლანკზე იწერება. გაიგე უფრო მეტი საჭადრაკო ნოტაციის შესახებ ChessKid-ის ამ ვიდეოდან.

Pawn requiring the use of chess score sheets
პაიკს სურს, რომ მისი სვლა ChessKid-ის ბლანკზე ჩაიწეროს!

წინასწარი სვლები

ონლაინ პარტიაში მოთამაშეს სვლის გაკეთება ჯერ კიდევ იქამდე შეუძლია, სანამ მისი ოპონენტი ითამაშებს. ამას წინასწარი სვლა ჰქვია. ცოცხალ თამაშში ასეთი რამ შეუძლებელია.

უკანონო სვლები

ონლაინ თამაშის დროს ChessKid-ი და სხვა საჭადრაკო პლატფორმები უკანონო სვლების გაკეთებას არ უშვებენ. უკანონო სვლებში იგულისხმება, მაგალითად, ფიგურის არასწორ უჯრაზე დასმა ან ქიშის იგნორირება. ცოცხალ პარტიაში მოჭადრაკე ფხიზლად უნდა იყოს და დააკვირდეს, რომ მისი მოწინააღმდეგე სწორ სვლებს აკეთებს.

საათის გამოყენება

ონლაინ პარტიის მიმდინარეობისას საჭადრაკო საათი მუდმივად ჩართულია, რადგან დრო კონტროლდება, თუმცა მოჭადრაკეს ამისთვის სვლის გაკეთების შემდეგ ღილაკზე თითის დაჭერა არ უწევს. ცოცხალი პარტია შეიძლება საათითაც გათამაშდეს და უსაათოდაც. პირველ შემთხვევაში მოჭადრაკეებმა სვლის გაკეთების შემდეგ საათი აუცილებლად უნდა გადართონ.  

ცოცხალ რეიტინგულ ტურნირებზე საჭადრაკო საათი აუცილებელია. დაათვალიერე ChessKid-ის მაღაზია და, სურვილის შემთხვევაში, შეუკვეთე საჭადრაკო საათი.

chess clock

დროის კონტროლი

დროის კონტროლი ცოცხალ რეიტინგულ ტურნირებში, ჩვეულებრივ, უფრო ნელია, ვიდრე ონლაინ თამაშებში. ინტერნეტში უფრო ხშირად სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკს თამაშობენ ხოლმე. 

ონლაინ პარტიებს, როგორც წესი, დროის დამატების ოფცია აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სვლის გაკეთების შემდეგ მოთამაშის დროს წამების განსაზღვრული რაოდენობა ემატება. ცოცხალ თამაშში პირიქით, შეიძლება დროის შეყოვნების ფუნქცია იყოს ჩართული, ანუ დროის უკუთვლა არ იწყებოდეს იქამდე, სანამ განსაზღვრული რაოდენობის წამები არ გაივლის. 

ChessKid-ი გვთავაზობს სამნაირ დროის კონტროლს სწრაფ ჭადრაკში: 5, 10 და 15 წუთიან პარტიებს. ნელი პარტია ChessKid-ზე შესაძლოა დღეების ან კვირების მანძილზე გაგრძელდეს. წაიკითხე ChessKid-ის ეს სტატია და გაარკვიე თუ რა განსხვავებაა სწრაფ და ნელ პარტიებს შორის.

Time controls for ChessKid

ფიზიკური შეგრძნება

ცოცხალ თამაშში მოჭადრაკე რეალურად ხედავს და ხელს კიდებს თითოეულ ფიგურას. ონლაინ პარტიაში მხოლოდ მაუსს ვეხებით. ცოცხალ ჭადრაკში მეტოქეს პირადად ხვდები და ეცნობი. ვირტუალურ სივრცეში მოწინააღმდეგის შესახებ შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის სახელი იცოდე.

ფორმალურ, ცოცხალ ტურნირებზე, სადაც მოჭადრაკეები ერთმანეთს ხვდებიან, სოციალური ურთიერთობებიც ყალიბდება. ონლაინ თამაშების დროს მხოლოდ მიმოწერით თუ შეძლებ კოლეგასთან კონტაქტს. 

ვირტუალურ ტურნირებზე, ძირითადად, თანაბარი ძალის მოთამაშეები ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ღონისძიებაში ძალიან ბევრი მოთამაშე მონაწილეობს). ცოცხალ თამაშებში მოწინააღმდეგეთა ძალები უფრო არათანაბარია. 

Pawn playing chess online

ქიში/შამათი/პატი

წესები, რომლებიც ქიშს, შამათს და პატს ეხება, არ იცვლება მიუხედავად იმისა ცოცხალ ჭადრაკთან გვაქვს საქმე, თუ ვირტუალურთან. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ChessKid-ზე და სხვა ონლაინ სივრცეებში ქიშს, შამათს და პატს  სერვერი თავისით აფიქსირებს, ცოცხალ დაფასთან კი, მოჭადრაკემ ეს მოცემულობები თავად უნდა შენიშნოს.

პარტიის გადადება

პარტიის გადადება საჭადრაკო ტერმინია და გულისხმობს ხანგრძლივად მიმდინარე თამაშის შეწყვეტას მომდევნო დღეს ან სხვა დათქმულ დროს გაგრძელების მიზნით. ასეთი რამ მხოლოდ ცოცხალ ტურნირებზე ხდებოდა ხოლმე, თუმცა  დღესდღეობით პარტიის გადადებას ისინიც არიდებენ თავს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მოჭადრაკეები თამაშის გაგრძელებამდე კომპიუტერის დახმარებას გამოიყენებენ. ონლაინ თამაშებში გადადება არ ხდება.

ეტიკეტი და მანერები

ეტიკეტი და მანერები მნიშვნელოვანია როგორც ცოცხალ, ასევე ონლაინ ჭადრაკში. თუ ნამდვილი მოჭადრაკე ხარ, მოგებაც და წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღო. არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვა ისეთი რამ, რაც მეტოქეს შეურაცხყოფს, თავი უნდა შეიკავო ნეგატიური კომენტარებისგან, არ უნდა ეცადო მოწინააღმდეგის დაკნინებას ან დაშინებას.

FunMasterMike
მხიარულების ოსტატი მაიკი  გვირჩევს ვიყოთ ღირსეული სპორტსმენები.

თამაშისა და ქცევის ნორმებს ჩვენს ვებ-გვერდზე ChessKid-ის სამართლიანი თამაშის წესები განსაზღვრავს. გაიგე მეტი ჩვენი რეგულაციების შესახებ ამ სტატიიდან და ამ ვიდეოდან.

ცოცხალი თამაშის დაწყების წინ მეტოქეს კეთილგანწყობით მიესალმე. თუ რეიტინგ-ტურნირში თამაშობ, ტურნირის დირექტორს წესების განმარტება სთხოვე და თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, ჰკითხე. მასვე შეატყობინე თუ მოწინააღმდეგე შეუფერებლად იქცევა ან წესებს არღვევს.

მზადება ცოცხალი ტურნირებისთვის

ტურნირების სია

ცოცხალ ტურნირზე ყოველთვის თან გქონდეს სტანდარტული ზომის ჭადრაკის დაფა და ფიგურები, თუნდაც ორგანიზატორებს ეს საკითხი თავად ჰქონდეთ მოგვარებული. კარგი იქნება თუ საჭადრაკო საათსაც წაიღებ. რეიტინგ-ტურნირში მონაწილეობის შემთხვევაში დაგჭირდება საიდენტიფიკაციო ბარათიც ფედერაციის მითითებით. უნდა გქონდეს, ასევე, თანხა სატურნირო შენატანის გასაკეთებლად. ცოცხალი რეიტინგული შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად გადმოწერე ChessKid-ის ტურნირების სია. ონლაინ ტურნირისთვის მომზადება ბევრად უფრო მარტივია.

chessboard

ცოცხალი ჭადრაკი ონლაინ ჭადრაკზე რთულია?

ზოგიერთი მოჭადრაკე ონლაინ უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე ცოცხლად. ასეთები ვირტუალური თამაშის წესებს იოლად ერგებიან. სხვები პირიქით, ცოცხალ დაფასთან უკეთ ავლენენ შესაძლებლობებს, რადგან პირად შეხვედრებში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. რეალურად, ხანგრძლივი პარტიები, რომლებიც ცოცხალი ტურნირებისთვისაა დამახასიათებელი, მეტ კონცენტრაციას და მომზადების უფრო მაღალ დონეს საჭიროებს ვიდრე სწრაფი ონლაინ თამაშები.

ბოლოთქმა

ახლა უკვე იცი თუ რას ნიშნავს ცოცხალი პარტია და რით განსხვავდება ის ონლაინ თამაშისგან. ორივე ფორმატი მისაღები და თავისებურად საინტერესოა, თუმცა ნამდვილი ჭადრაკი ცოცხალ დაფასთან პირისპირ თამაშია. 

თუ გინდა, რომ გამაოგნებელი საჭადრაკო ფაქტების შესახებ შეიტყო და საინტერესო საჭადრაკო თემები აღმოაჩინო, ჩვენს რესურსების გვერდს ეწვიე. აქ უამრავ ინფორმაციას იპოვი, მათ შორის, ვიდეო გაკვეთილებს, მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის საჭირო მასალებს, ელექტრონულ წიგნებს, სახელმძღვანელოებს და ა.შ. ისიამოვნე!

Various ChessKid chess resources for beginners and not only

საჭადრაკო რესურსები დამწყებთათვის და არა მარტო მათთვის.