აი, რა უნდა ვიცოდეთ ამ ციცქნა საჭადრაკო ფიგურებზე, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლიათ:
პაიკებს მთავარი არმიის წინ განლაგებულ პატარა ფიგურებს ვუწოდებთ. თითოეული მოთამაშის მხარეზე რვა ერთნაირი მეგობარი გვერდიგვერდაა ჩამწკრივებული. საწყის პოზიციაში თეთრი პაიკები მეორე ჰორიზონტალს იკავებენ, შავები კი - მეშვიდეს.
პაიკები ყველაზე დაბალი ღირებულების საჭადრაკო ფიგურები არიან. თითოეულ მათგანს ერთი ქულა აქვს მინიჭებული. მარტოხელა პაიკი ყველაზე სუსტი არსებაა რაც კი დაფაზე შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში ამ ფიგურებს დიდი ძალა აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გარკვეულ სიტუაციებში ორ პაიკსაც კი, შეუძლია დააფრთხოს მეტოქის მხედარი! ასეთ დროს, მათ თოვლსაწმენდ მანქანას ვადარებთ ხოლმე.
პაიკი წინ მიდის. მას უკან დასაბრუნებელი გზა არ გააჩნია. პირველ სვლაზე, სურვილისამებრ, ერთ ან ორ უჯრაზე გადასვლა შეუძლია, ყოველ მომდევნო სვლაზე კი - მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმის უფლება ეძლევა. საწყისი პოზიციიდან დაძვრის შემდეგ პაიკი ორ უჯრაზე ვეღარასდროს გადავა.
კოლეგათა უმრავლესობის მსგავსად, პაიკს ფიგურებზე გადახტომა არ შეუძლია. თუ მის წინ ვინმე დგას, პაიკი ადგილიდან ფეხს ვერ მოიცვლის (თუ, რა თქმა უნდა, დიაგონალზე ფიგურა არ აჰყავს).
პაიკი ერთადერთი ფიგურაა, რომელიც ისე არ კლავს, როგორც დადის. ის აყვანის დროსაც ზემოთკენ მიიწევს, თუმცა არა ვერტიკალური მიმართულებით. პაიკი კლავს ერთი უჯრით წინ დიაგონალზე.
პაიკი გავლით აყვანის წესითაც კლავს. თუ გაინტერესებს რას ვგულისხმობ, ეს სტატია წაიკითხე და ყველაფერს გაიგებ.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც პაიკი უნდა დავაფასოთ. მას ყველაზე სუსტიდან ყველაზე ძლიერ ფიგურად - ლაზიერად ქცევის პოტენციალი აქვს!
როცა პაიკი ყველაზე შორეულ უჯრას მიაღწევს, (თეთრების შემთხვევაში ასეთი უჯრა მერვე ჰორიზონტალზეა, შავების შემთხვევაში კი - პირველზე), ის ლაზიერად ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფიგურად გადაიქცევა გარდა მეფისა. როგორც ხედავთ, საქმე არცთუ ისე სუსტ არსებასთან გვქონია.
დღეს გავიგეთ თუ რომელი ფიგურაა პაიკი, თუ როგორ მოძრაობს ის და როგორ კლავს. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა ფიგურები და მნიშვნელოვანი საჭადრაკო იდეები შეისწავლო და პროფესიონალ მოჭადრაკედ ჩამოყალიბდე!