დროის კონტროლი

საჭადრაკო ტერმინი “დროის კონტროლი” ახალბედა მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ თამაშს, შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს. აი, რა უნდა ვიცოდეთ:

რას ნიშნავს დროის კონტროლი ჭადრაკში?

დროის კონტროლი იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს პარტიის თავიდან ბოლომდე გასათამაშებლად კონკრეტული ვადა ეძლევა. დროის კონტროლის სისტემა შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. ChessKid-ზე ის მარტივია და, როგორც წესი, განსაზღვრული წუთების რაოდენობით შემოიფარგლება. სისტემა დროის დამატებით ან შეფერხებით, ბევრად უფრო რთულია.

ცოცხალ ტურნირში თითოეული მოთამაშის დროს საჭადრაკო საათი ზომავს. ის შეჯიბრზე დაწესებული ოფიციალური დროის კონტროლის მიხედვით პარტიის დაწყებამდე ყენდება. 

ChessKid-ზე დროის კონტროლს თავად ირჩევ, ოღონდ იქამდე, სანამ მეტოქესთან დაწყვილდები. ჩვენს ვებ-გვერდზე თამაშის დროს საათის გადართვაზე ფიქრი არ გიწევს. ამაზე ChessKid-ი თავად ზრუნავს. როგორც კი სვლას აკეთებ შენი დროის უკუთვლა ავტომატურად ითიშება და მეტოქისა ირთვება.

 

რა მოხდება თუ დრო ამომეწურება?

დროის ამოწურვის შესახებ ცოცხალ პარტიაში საათი გვამცნობს. ონლაინ თამაშში იგივეს სერვერი აკეთებს. ძველებურ საჭადრაკო საათზე ასეთ დროს პატარა დროშა ვარდება, ამიტომ ფრაზა "დრო ჩამოუვარდა" ნიშნავს, რომ მოჭადრაკემ პარტია დროის ამოწურვის გამო წააგო.

დროის ამოწურვის შემთხვევაში პარტიას ნამდვილად ვეღარ მოიგებ, მაგრამ შესაძლოა არც წააგო. თუ მეტოქეს შამათის ჩასასმელად საკმარისი მატერიალი არ ჰყავს, პარტია ყაიმით სრულდება. თუ ჰყავს - მაშინ ის იგებს.

დროის კონტროლის გაგება

დროის კონტროლი იწერება შემდეგი ფორმატით: X|Y. პირველი ციფრი ანუ X, წუთებს აღნიშნავს; მეორე ციფრი ანუ Y, დამატებითი წამების რაოდენობას აღნიშნავს. ეს წამები ემატება მოჭადრაკის დროს მის მიერ გაკეთებულ თითოეულ სვლაზე. (ფორმატი ზოგჯერ ასეთია: X+Y.)

მაგალითად, დროის კონტროლი 3|2 მიუთითებს, რომ თითოეულ მოჭადრაკეს ეძლევა 3 წუთი სვლაზე 2 წამის დამატებით. 10|0 მიუთითებს, რომ მოთამაშეებს აქვთ 10-10 წუთი დამატებითი დროის გარეშე. ხანდახან წუთების აღმნიშვნელი რიცხვის წინ ასო “G” (game/პარტია) იწერება. მაგალითი: G10.

ChessKid's Youth Speed Chess Championship

დროის კონტროლი ChessKid-ზე

ChessKid-ზე სწრაფი ჭადრაკისთვის სამნაირი დროის კონტროლი არსებობს: 5, 10 და 15-წუთიანი. სწრაფი ჭადრაკი ჩვენს ვებ-გვერდზე ძალიან პოპულარულია, რადგან რეალურ დროში გამართულ შეხვედრებში, განსაკუთრებით კი - ტურნირებში, მთელ კლასს ან კლუბს ერთად, ერთ გუნდად თამაში შეუძლია. თუ გსურთ, რომ ChessKid-ზე სწრაფი ჭადრაკის შეჯიბრს უმასპინძლოთ, მხიარულების ოსტატ მაიკის რჩევებს გაეცანით.

ნელი ჭადრაკი ChessKid-ზე რეალურ დროში არ თამაშდება. კლასიკური პარტია ჩვენთან დღეების ან კვირების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს. რადგან მოჭადრაკეებს სვლის გასაკეთებლად დიდი დრო აქვთ, ისინი ხშირად ერთდროულად რამდენიმე პარტიას თამაშობენ. (ასეთ თამაშს ხშირად ყოველდღიურ ჭადრაკს ვეძახით.)

წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ როგორ უნდა აირჩიოთ დროის კონტროლი ChessKid-ზე.

როცა ChessKid-ის ვარსკვლავები ცნობილ სახეებს, მაგალითად, სტრიმერებს უპირისპირდებიან, დროის კონტროლი, როგორც წესი, დანამატს შეიცავს. გაიგეთ როგორ დაამარცხეს ChessKid-ის ვარსკვლავებმა ცნობილი სტრიმერები მატჩში დროის კონტროლით 5+1. ამ ვიდეოში ნახავთ თუ რამდენად სწრაფად გათამაშდა მათი პარტიები.

Format of match
მატჩის ფორმატი იყო G5+1. (პარტიები მხიარულების ოსტატ მაიკის და დიდოსტატ ჯესი კრაის კომენტარებით გადაიცემოდა.)

გარდა ამისა, როდესაც ChessKid-ი სწრაფი ჭადრაკის ყოველწლიურ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მსოფლიოს უძლიერეს ახალგაზრდა მოთამაშეებს მასპინძლობს, ტურნირის მონაწილეები ბლიც-მატჩებში უპირისპირდებიან ერთმანეთს. თითოეული მატჩი ორ საათს გრძელდება. პირველ 75 წუთში გათამაშებულ პარტიებში დროის კონტროლია 5+1, მომდევნო 45 წუთის მანძილზე კი, პარტიები 3+1 დროის კონტროლით თამაშდება.

2022 Youth Speed Chess Championship
ახალგაზრდებში უძლიერესმა ამ მოჭადრაკეებმა 2022 წლის სწრაფი ჭადრაკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.

კიდევ უფრო სწრაფი დროის კონტროლი წესდება ChessKid-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში. 2023 წლის მონაწილეებს ეძლეოდათ ერთი წუთი ერთი წამის დამატებით (1+1). ტურნირის შესახებ წაიკითხეთ აქ

სხვაგვარი დროის კონტროლი

ცოცხალ რეიტინგულ ტურნირებში მოჭადრაკეებს, ჩვეულებრივ, ბევრად მეტი დრო ეძლევათ ხოლმე. კლასიკური დროის კონტროლია 2 საათი 40 სვლაზე. კონტროლი ხშირად უეცარი სიკვდილის კომპონენტსაც შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში (მაგალითად 60 წუთში) გაკეთებული სვლების რაოდენობის მიუხედავად, პარტია უნდა დაასრულო. 

ცოცხალ პარტიებში, სადაც საათს იყენებენ, დროის კონტროლი დანამატის ნაცვლად, შეფერხებას გულისხმობს. ეს დროს ზრდის და ესეც წამების კონკრეტული რაოდენობით განისაზღვრება. ასეთ შემთხვევაში, მოთამაშის დრო მეტოქის მიერ სვლის გაკეთებისთანავე კი არ იწყებს უკუთვლას, არამედ შეფერხების შემდეგ. თუ მოჭადრაკე სათამაშოდ შეფერხებისთვის განსაზღვრულ წამებზე ნაკლებ დროს გამოიყენებს, მას დრო არ მოაკლდება. 

ზოგჯერ ტურნირი ერთ მატჩში სხვადასხვა დროის კონტროლს აწესებს, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ასეთი მატჩია, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ფიდე - ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს.

ამ შეჯიბრში დროის კონტროლია 120 წუთი პირველ 40 სვლაზე, 60 წუთი მომდევნო 20 სვლაზე და შემდეგ უკვე 15 წუთი პარტიის ბოლომდე. 61-ე სვლიდან თითოეულ სვლას 30 წამი ემატება. თუ ყველა კლასიკური პარტიის შემდეგ ოპონენტებს თანაბარი ქულები აქვთ, ინიშნება გადათამაშება სწრაფ ჭადრაკში დროის კონტროლით 25+10. თუ ისევ თანაბარი შედეგი დაფიქსირდა, თამაშდება 5-წუთიანი პარტიები სვლაზე 3 წამის დამატებით. თუ კვლავ ვერცერთი მოჭადრაკე ვერ იმარჯვებს, იწყება კიდევ უფრო სწრაფი პარტიები დროის კონტროლით 3+2 და გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ChessKid Worldwide Bullet Championship

ბოლოთქმა

საჭადრაკო დროის კონტროლის შესახებ უკვე იცი. ითამაშე სხვადასხვა დროის კონტროლით, რათა გაიგო თუ რომელია შენთვის ყველაზე კომფორტული. თუ სწრაფ ჭადრაკში შენი უნარების გაუმჯობესება გინდა, ამ ვიდეოს უყურე და მხიარულების ოსტატ მაიკს დაუჯერე. 

იცი, რომ ChessKid-ზე შეგიძლია ძლიერ მეტოქეებს სწრაფ ჭადრაკში დაუპირისპირდე? წაიკითხე ეს სტატია და გაიგე თუ როგორ უნდა ითამაშო ყოველ კვირა ისეთი ოსტატების წინააღმდეგ, როგორიცაა, მაგალითად BrewMaster.

Play chess against the Brewmaster