საერთაშორისო დიდოსტატი ანა მუზიჩუკი მეოთხე ქალია ჭადრაკის ისტორიაში, რომელმაც 2600 პუნქტ საჭადრაკო რეიტინგს მიაღწია. 2022 წელს მან ChessKid-ზე უმასპინძლა ონლაინ საჭადრაკო ღონისძიებას, რომელზეც შეგროვდა თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
ყველა მოჭადრაკეს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს ტიტული და დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებს შორის. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საჭადრაკო წოდებები ეროვნული ფედერაციების მიერ გაიცემოდა. 1950 წლიდან მოყოლებული ამას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - ფიდე აკეთებს. (ფიდე აბრევიატურაა ორგანიზაციის ორიგინალური ფრანგული დასახელებისა: Fédération Internationale des Échecs.) მოჭადრაკისთვის მინიჭებული ნებისმიერი ტიტული სამუდამოა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოჭადრაკეს თაღლითობაში გამოიჭერენ).
ფიდე რამდენიმე ტიტულს გასცემს. ღია წოდების მიღება ნებისმიერი მოჭადრაკისთვისაა შესაძლებელი. ქალთა წოდებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მანდილოსნებს ენიჭებათ. ზოგიერთი ქალი მოჭადრაკე ორივენაირ ტიტულს ატარებს.
თუ მსოფლიო ჩემპიონობას არ ჩავთვლით, უმაღლესი საჭადრაკო წოდება დიდოსტატობაა (GM). დიდოსტატები მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკეები არიან. ამ ტიტულის მოსაპოვებლად ყველაზე ნიჭიერებმაც კი, ურთულეს ტურნირებში უნდა დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები. მათ უნდა ჰქონდეთ საჭირო ნორმები და მინიმალური ელო რეიტინგი 2500 პუნქტის ოდენობით. წოდება პირველად 1950 წელს გაიცა და დღემდე იმდენად ექსკლუზიურად ითვლება, რომ 2000-ზე ნაკლებ მოჭადრაკეს აქვს მინიჭებული. ასევე, არსებობს არაოფიციალური ტერმინი "სუპერ დიდოსტატი", რომლითაც 2700-იან ან უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს მოიხსენიებენ.
1950 წელსვე დამკვიდრდა საერთაშორისო ოსტატის (IM) წოდება, რომელიც მხოლოდ დიდოსტატობას ჩამოუვარდება. მის მოსაპოვებლად საჭიროა ოფიციალური რეიტინგი - 2400.
მოგვიანებით, 1978 წელს შემოიღეს წოდება ფიდეს ოსტატი (FM), ხოლო 2002 წლიდან დამკვიდრდა წოდება ოსტატობის კანდიდატი (CM). მართალია, ChessKid-ის ფავორიტი ფიდეს ოსტატი მხიარულების ოსტატი მაიკია, მაგრამ ფილიპინელი ალიოხინ ნური უფრო შთამბეჭდავი მოთამაშეა. 2013 წელს, 7 წლის ასაკში ის მსოფლიოში ყველაზე პატარა ფიდეს ოსტატი გახდა. ფიდეს ოსტატობისა და ოსტატობის კანდიდატობისთვის საჭირო რეიტინგებია 2300 და 2200.
მხიარულების ოსტატი მაიკი საჭადრაკო ტიტულების მოსაპოვებლად ბევრი მეცადინეობისკენ მოგვიწოდებს.
ოთხივე ზემოაღნიშნული ტიტულის მოპოვება შესაძლებელია ნებისმიერი მოთამაშისთვის განურჩევლად სქესისა. ცალკე გამოყოფილად არსებობს ოთხი ზუსტად იგივე დასახელების წოდება მხოლოდ ქალებისთვის. მათ მოსაპოვებლად მანდილოსნებს ღია ტიტულებთან შედარებით 200 პუნქტით ნაკლები რეიტინგი სჭირდებათ.
ქალთა ტიტულები იმისთვის შეიქმნა, რომ თამაშში მანდილოსანთა ჩართულობა წაეხალისებინათ. ამან მათ მეტი მოტივაცია მისცა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ქალთა წოდებების არსებობას ეწინააღმდეგება. მაგალითად, საერთაშორისო დიდოსტატი ირინა კრუში ამბობს: “არ მესმის რაში მდგომარეობს ქალთა წოდებების ცალკე გამოყოფის არსი. ვერ ვხვდები ეს რაზე მიანიშნებს. ქალებს შეუძლიათ ითამაშონ კაცთა შორის. თამაშობენ კიდეც. მათ იგივე ტიტულების მოპოვება შეუძლიათ, რისთვისაც კაცები იბრძვიან.”
მართალია, ქალთა ტიტულებს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ მათი არსებობა მანდილოსნებს ბევრ უპირატესობას ანიჭებს. ქალთა შორის დიდოსტატი ნატალია პოგონინა განმარტავს: “წოდების ქონა გვეხმარება უკეთესი პირობების მიღებაში ორგანიზატორებისგან, უფრო აღიარებულ მწვრთნელად თუ ავტორად ქცევაში, სპონსორების პოვნასა და სტიპენდიების მოპოვებაში, უფასო წევრობაში საჭადრაკო ვებ-გვერდებზე.”
ყველა მანდილოსანს აქვს უფლება ითამაშოს ღია ტურნირებში და შეეჯიბროს მამაკაცებს, ქალთა შეჯიბრებები კი, მათთვის სპეციალური სივრცის შესაქმნელად იმართება, რათა თავის წარმოჩენა და ერთმანეთთან შეხვედრა შეძლონ. ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ჯენიფერ შაჰადე ამბობს: “ქალთა ტურნირები ჭადრაკის სამყაროს დაუფასებელ წევრებს მეგობრების შეძენის საშუალებას აძლევს, ორგანიზატორებს კი, ეხმარება ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციაში მედიასა და სფეროში.”
2022 წლის ივლისში ფიდე და ChessKid-ი დედოფალთა ონლაინ საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ურეიტინგო გოგონათა ტურნირის ჩასატარებლად გაერთიანდნენ
ტიტულის მიღებას, როგორც წესი, ელო რეიტინგის და ნორმების კომბინაცია სჭირდება. ნორმის მოპოვება ხდება კონკრეტული მაჩვენებლით კლასიკურ საჭადრაკო ტურნირში, რომელიც ტარდება ფიდეს ეგიდით და რომელშიც წოდებიანი მოჭადრაკეები თამაშობენ. ნორმები წოდების მისაღებად ფიდემ 1953 წელს დააწესა. ტიტულის გაცემა შესაძლებელია ტურნირში ნაჩვენები კონკრეტული ადგილით ან შედეგითაც, მაგალითად, ფიდეს მსოფლიო თასზე გასვლით, კონტინენტის ან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით.
რამდენიმე ეროვნული ფედერაცია გასცემს ეროვნული ოსტატის წოდებას (ძირითადად იმ მოჭადრაკეებზე, რომლებიც რეიტინგში 2200 პუნქტს აღწევენ) და სხვა ტიტულებს.
მაგალითად, ინგლისის ჭადრაკის ფედერაციას აქვს ექვსი ეროვნული წოდება: ეროვნული ოსტატი (მინიმალური რეიტინგი 2200), რეგიონული ოსტატი (2100), რაიონული ოსტატი (2000), კლუბის ოსტატი (1800), გუნდის ოსტატი (1600) და ჭადრაკის მაესტრო (1400).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერტის წოდება (არაოფიციალური ტიტული მოჭადრაკეებისთვის, რომელთაც აშშ-ს საჭადრაკო რეიტინგით აქვთ 2000 პუნქტი ან მეტი) მოთამაშეთა საუკეთესო 5%-ს აქვს მინიჭებული. ეროვნული ოსტატის წოდებას ატარებს მოჭადრაკეთა 1%-ზე ნაკლები (რეიტინგით 2200 ან მეტი).
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - ვიში ანანდი (მარცხნივ) მხიარულების ოსტატ მაიკთან ერთად ChessKid-ის სამეცადინო მასალებს მიმოიხილავს.
დიახ, შეუძლია. ფიდეს ოსტატ ნურის მსგავსად საჭადრაკო ტიტული ბევრ ბავშვს აქვს მოპოვებული. მაგალითად, ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ოსტატი ამ მომენტისთვის აბჰიმანუ მიშრაა, რომელმაც წოდება 10 წლის, 9 თვისა და 3 დღის ასაკში მოიპოვა. ახლა ის უკვე დიდოსტატია!
2019 წელს ChessKid-ის 11 წლის წევრი კარისა იპი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, რომელმაც საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა. ფიდემ ეს წოდება მას 2020 წლის თებერვალში მიანიჭა. 10 წლის ასაკში მან დიდოსტატი დაამარცხა, ახლა კი, თავადაა დიდოსტატი ქალთა შორის. წაიკითხე მისი მიღწევების შესახებ სტატიაში “კარისა იპი: ყველაზე ახალგაზრდა ოსტატი ქალი”. ChessKid-ზე თავის სტატიებსა და ვიდეოებში ის Magician4MA-ის სახელითაა ცნობილი.
კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ტანიტოლუვა (ტანი) ადევუმია, რომელმაც ეროვნული ოსტატის წოდება 10 წლის ასაკში მოიპოვა. მართალია, ეს ტიტული ჩამოუვარდება საერთაშორისო ოსტატობას, მაგრამ ბიჭი მუდმივად წინ მიიწევს. ტანი რეგულარულად თამაშობს ChessKid-ზე. ნახე როგორ ცდილობს მხიარულების ოსტატი მაიკი მის დამარცხებას ამ ვიდეოში. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ტანი საერთაშორისო ოსტატის წოდების მოპოვებას და უფრო დიდი მიზნების მიღწევას. შეგვიძლია მის პროგრესს ChessKid-ის სტატიებში დავაკვირდეთ, მანამდე კი, წავიკითხოთ მისი წარმატებების შესახებ სტატიაში “ტანი ჭადრაკის ოსტატია”.
თვალი ადევნე ChessKid-ელი ფიდეს ოსტატის - შრეიას როიალის (crushmaster2019) თავგადასავალს. ის საერთაშორისო ოსტატის ტიტულისთვის იბრძვის. გაეცანი მის სტატიას “ჩემი გზა საერთაშორისო ოსტატობამდე”.
ფიდეს ოსტატი - შრეიას როიალი ემზადება მორიგი პარტიისთვის 2022 წლის ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე.
ტიტულოვანი მოჭადრაკეები ChessKid-ის საჭადრაკო საზოგადოების წევრები არიან. ნახე სია აქ. მათი იდენტიფიცირება ონლაინ სივრცეში ადვილია, რადგან სახელების გვერდით, როგორც წესი, წოდებებიც უწერიათ. ChessKid-ზე ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ოსტატია დენი რენჩი (ცნობილი, როგორც Poppa Bear). ის ჩვენთვის სტატიებს წერს და ვიდეოებს იღებს. იხილე მისი ვიდეო სახელწოდებით - "როგორ ვამოქმედოთ ფიგურები შეთანხმებულად?"
ფიდეს ღია წოდებები გაიცემა შემდეგი თანმიმდევრობით: GM (საერთაშორისო დიდოსტატი), IM (საერთაშორისო ოსტატი), FM (ფიდეს ოსტატი) და CM (ოსტატობის კანდიდატი). ქალთა წოდებები გაიცემა შემდეგი თანმიმდევრობით: WGM (საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის), WIM (საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის), WFM (ფიდეს ოსტატი ქალთა შორის) და WCM (ქალთა ოსტატობის კანდიდატი).
საერთაშორისო დიდოსტატის წოდება საუკეთესო ტიტულია ფიდესგან. თუ მსოფლიო ჩემპიონობას არ ჩავთვლით, საერთაშორისო დიდოსტატობა უმაღლესი წოდებაა, რომელიც მოჭადრაკემ შეიძლება მოიპოვოს.
ფიდე გასცემს ოთხ ღია ტიტულს და ქალთა ოთხ წოდებას.
ყველაზე დაბალი ღია წოდება, რომელსაც ფიდე გასცემს, ოსტატობის კანდიდატია. ამ ტიტულისთვის საჭირო რეიტინგ-მაჩვენებელია 2200. ყველაზე დაბალი ქალთა წოდება, რომლისთვის საჭირო რეიტინგ-მაჩვენებელია 1800, ქალთა ოსტატობის კანდიდატია.
ChessKid-ელი კარისა იპი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალია, რომელმაც საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა. ის ბოსტნეულის მირთმევისკენ და ბევრი მეცადინეობისკენ მოგვიწოდებს.
შენ ახლა უკვე გაქვს ინფორმაცია მნიშვნელოვანი საჭადრაკო წოდებებისა და მათი მოპოვების გზების შესახებ. არის ეს შენთვის შთაგონება იმისა, რომ თავადაც იბრძოლო ამ ტიტულებისთვის? იმედია, ასეა. წოდების მოპოვება დიდ შრომას და პროფესიისადმი ერთგულებას მოითხოვს. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა მნიშვნელოვანი საჭადრაკო იდეები შეისწავლო და ფიდეს ტიტულებისკენ მიმავალ გზას დაადგე.