თითოეულ მოჭადრაკეს პარტიის დასაწყისში რვა პაიკი ჰყავს. მოდით, გავარკვიოთ თუ რატომ არის პაიკების სტრუქტურა მნიშვნელოვანი და როგორ ახდენს ის გავლენას პარტიის შედეგზე.
პაიკების სტრუქტურა საჭადრაკო ტერმინია, რომელიც პარტიის დროს საჭადრაკო დაფაზე პაიკების განლაგებასა თუ კონფიგურაციას აღნიშნავს. ზოგიერთი სტრუქტურა კარგია, ზოგიერთი - ცუდი.
პაიკების სტრუქტურა მნიშვნელოვანია, რადგან ის პოზიციის სტრატეგიულ ხასიათს განსაზღვრავს. მტკიცე სტრუქტურა მოთამაშეს ძლევამოსილი თავდასხმებისა და საიმედო დაცვის საშუალებას აძლევს. პაიკების ეფექტური კონფიგურაცია ცენტრის კონტროლის, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვისა და საკუთარი სისუსტეების შემცირების საფუძველიცაა.
გარდა ამისა, პაიკების სტრუქტურით ვიგებთ პოზიცია ღიაა თუ დახურული. დახურულ პოზიციაში ცენტრალური პაიკები ბლოკირებულია და არაა გაცვლილი. (ცენტრალურ პაიკებად თეთრებისთვისაც და შავებისთვისაც d- და e-პაიკები ითვლება). დახურულ პოზიციებში მხედრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კუები, რომელთაც შესაძლოა მოძრაობა შეზღუდული ჰქონდეთ.
პაიკების სტრუქტურა დახურულ პოზიციაში.
ღია პოზიციებში ცენტრალური პაიკები გაცვლილია და შუა უჯრები ფიგურებს უკავიათ; ამგვარ სიტუაციაში კუს მეტი ძალა აქვს, რადგან ცენტრალური პაიკები საქმეს არ ურთულებენ. იდენტური ან მსგავსი სტრუქტურები შესაძლოა სხვადასხვა დებიუტიდან მივიღოთ. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკები სწრაფად ვერ გადაადგილდებიან, მათი სტრუქტურა პარტიის მანძილზე შეიძლება დიდხანს არ შეიცვალოს.
პაიკების სტრუქტურა ღია პოზიციაში.
ძლიერი სტრუქტურის დროს პაიკები, როგორც წესი, ერთმანეთს იცავენ. კარგ სტრუქტურას შეუძლია სტრატეგიული უპირატესობა მოგვაპოვებინოს და პარტია მოგვაგებინოს. გთავაზობთ რამდენიმე საყურადღებო მაგალითს.
შავების a-პაიკი და თეთრების g-პაიკი გამსვლელი პაიკებია. შავი პაიკები a და b, ისევე როგორც d და e ვერტიკალებზე გადაბმულია; თეთრი პაიკები c, d, e, f და g ვერტიკალებზე, ასევე გადაბმულია.
როცა მეტოქეს შენი პაიკის შეჩერება არ შეუძლია, ე.ი. გამსვლელი პაიკი გყავს. ეს დიდი უპირატესობაა, რადგან როცა პაიკი ბოლო უჯრას ან ჰორიზონტალს მიაღწევს, ის ლაზიერად გადაიქცევა. გამსვლელ პაიკს ენდშპილში შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
როცა პაიკები გადაბმულია, მათ გუნდურად მუშაობა და მეტოქის მოძრაობის შეზღუდვა შეუძლიათ. პაიკები გადაბმულად ითვლება, თუ ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან და მათ შორის ცარიელი უჯრები არ არის.
სტრუქტურას, რომლის დროსაც დაფის ერთ მხარეზე უფრო მეტი პაიკია, ვიდრე მეორე მხარეზე, პაიკების უმრავლესობა ჰქვია. პაიკების უმრავლესობა მოჭადრაკეს თამაშის კონტროლში ეხმარება. ამ სტრუქტურის დროს მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს თავდასხმის ის მეთოდი, რომელსაც პაკების შტორმი ეწოდება და საკუთარი პაიკები წინ, მეტოქის მეფის მფარველი პაიკების მიმართულებით წაიყვანოს.
მოთამაშეს, რომელსაც პაიკების უმრავლესობა ჰყავს, შეუძლია გაცვლათა სერია დაიწყოს და გამსვლელი პაიკი შექმნას. არსებობს სხვადასხვა სტრუქტურა პაიკთა უმრავლესობით. მათ შორისაა ქვემოთ მოცემული კარლსბადის ფორმაცია, რომელიც ყველასათვის ცნობილია:
თუ პაიკები ერთ საერთო დიაგონალზე უწყვეტად არიან განლაგებულნი, ე.ი. პაიკების ჯაჭვი გვაქვს. პაიკების ჯაჭვი საკმაოდ ეფექტური სტრუქტურაა, რადგან პაიკები ერთმანეთს იცავენ. მხოლოდ პირველი მათგანი რჩება დაუცველი. ასეთ დროს მოთამაშემ თავდასხმა უნდა განახორციელოს იმ მხარეს, საითაც ჯაჭვია მიმართული. სტრუქტურა მოჭადრაკეს ეხმარება გააკონტროლოს იმ ფერის უჯრები, რა ფერის დიაგონალზეც პაიკები არიან ჩამწკრივებულები, თუმცა მათ შორის არსებული ხვრელები დაუცველი რჩება.
სისუსტე პაიკების სტრუქტურაში რთული აღმოსაფხვრელია, ამიტომ მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან აირიდონ პაიკების ცუდი სტრუქტურები - იზოლირებული, ჩამორჩენილი, გაორებული თუ დაკიდებული პაიკები. თუ მეტოქეს ამგვარი სისუსტე აქვს, შეეცადეთ მას ტაქტიკურად მიუდგეთ. კერძოდ, პაიკების სუსტი სტრუქტურა მოწინააღმდეგის მეფის წინ, შენთვის თავდასხმის მოტივაცია უნდა გახდეს.
პაიკების ან პაიკის კუნძული არის ერთი ცალკე მდგომი ან რამდენიმე გადაბმული პაიკი, რომელიც დანარჩენი პაიკებისგან ღია ვერტიკალით არის გამოყოფილი. თუ სათანადოდ დაცული არ არის, ის თავდასხმას ვერ გაუძლებს. რაც ნაკლები კუნძული გვექნება, მით უკეთესი.
შავებს პაიკების ორი კუნძული აქვთ, თეთრებს - სამი, მათ შორის იზოლირებული პაიკისა h4-ზე.
ერთი პაიკისგან შემდგარი კუნძული იზოლირებული პაიკის სახელითაა ცნობილი. ის სუსტია, რადგან დაუცველია და მისი უსაფრთხოება სხვა ფიგურებზეა დამოკიდებული. იზოლირებული პაიკი ენდშპილში კრიტიკულ სისუსტედ ითვლება.
ჩამორჩენილი პაიკი პაიკების კუნძულის დაუცველი წევრია. მას მხარდამჭერი არ გააჩნია, ამიტომ მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდასხმას შეეწირება. მას თავისუფლად წინ წასვლაც კი არ შეუძლია, რადგან შეიძლება მეტოქემ აიყვანოს. ჩამორჩენილი პაიკი თითქმის ყოველთვის იცავს მოსაზღვრე ვერტიკალზე მდგომ კოლეგა პაიკს.
თეთრებს d2-ზე ჩამორჩენილი, f-ვერტიკალზე კი - გაორებული პაიკები ჰყავთ; h4-ზე შავების გამსვლელი პაიკი დგას.
ორი პაიკი გაორებულია თუ ერთი ფერის არიან და საერთო ვერტიკალზე დგანან. გაორებული პაიკები ჩნდებიან მაშინ, როცა მოთამაშე აკეთებს სვლას დიაგონალურად მოწინააღმდეგის ფიგურის აყვანის მიზნით. ეს კონფიგურაცია უმეტესად სისუსტეა, რადგან პაიკები ერთმანეთს ვერ იცავენ და მოძრაობაც შეზღუდული აქვთ (წინ მდგომი ბლოკავს უკანას).
რუი ლოპესის დებიუტი გაორებული პაიკებით (c7 & c6) პაიკების ტიპური სტრუქტურაა.
როცა ერთი ფერის ორი პაიკი მომიჯნავე ვერტიკალებზეა განთავსებული და მათ იგივე ფერის სხვა პაიკი არცერთი მხრიდან არ უმაგრებთ ზურგს, ისინი დაკიდებული პაიკები არიან. დაკიდებული პაიკები, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე ჰორიზონტალზე, გვერდიგვერდ დგანან.
ქვემოთ მოცემულ დაფაზე დაკიდებული პაიკების მაგალითია ნაჩვენები:
c და d უჯრებზე მდგომი თეთრი პაიკები დაკიდებულია, რადგან მათგან არცერთ მხარეზე იგივე ფერის პაიკები არ ჩანან.
დაკიდებული პაიკის ყოლას ერიდე.
ახლა უკვე იცი თუ რას ნიშნავს ტერმინი პაიკების სტრუქტურა და გესმის მისი მნიშვნელობა. ყოველთვის ეცადე იქონიო ძლიერი სტრუქტურა და ეძებო სისუსტეები მეტოქის პაიკების კონფიგურაციაში, რათა განახორციელო მათზე თავდასხმა.