ჭადრაკში (და, ზოგადად, სპორტში) წრიული ტურნირი შეჯიბრში მონაწილე თითოეული მოთამაშის ან გუნდის ყველა დანარჩენთან მინიმუმ ერთხელ დაპირისპირებას გულისხმობს. შეხვედრების დასრულების შემდეგ საუკეთესო საერთო მაჩვენებლის მქონე სპორტსმენი ან სპორტსმენთა ჯგუფი გამარჯვებული ხდება.
ჭადრაკში გამარჯვებას ერთი ქულა მოაქვს, ყაიმი ნახევარ ქულას უდრის, წაგების შემთხვევაში კი, მოთამაშეს ნული ქულა ეწერება.
კანდიდატთა ტურნირი ყველაზე ცნობილი წრიული შეჯიბრია ჭადრაკში. სხვა ცოცხალი საჭადრაკო ტურნირები, რომლებიც ამ სისტემით ტარდება, არის აშშ-ს ჩემპიონატი, რუსეთის ჩემპიონატი და სინქფილდის თასი.
წრიული ტურნირის ჩატარება ყველაზე სამართლიანი გზაა საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად. სხვა სახის შეჯიბრში მოჭადრაკეს შესაძლოა არ გაუმართლოს, დასაწყისშივე უძლიერესი მეტოქე შეხვდეს და გამოვარდეს.
წრიულ ტურნირში ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან წესების მიხედვით ყველა ყველას უნდა შეხვდეს. შესაბამისად, მოთამაშეები თანაბარ მდგომარეობაში არიან და კენჭისყრაში იღბალი არ მონაწილეობს. გამარჯვებულის ტიტული ერგება მას, ვინც საუკეთესო შედეგს საერთო ჯამში, ტურნირის ბოლოს აჩვენებს.
ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ არ ტარდება ყველა შეჯიბრი წრიული სისტემით? მთავარი მიზეზი დროის ფაქტორია! წარმოუდგენელია, რომ ისეთი დიდი ღონისძიება, როგორიც აშშ-ს ღია ტურნირია წრიული სისტემით იმართებოდეს, რადგან მის დასრულებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდებოდა. ამ შეჯიბრში ხომ 400-ზე მეტი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას?!
წრიული ტურნირები, ძირითადად, მცირე შემადგენლობით ტარდება. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებში მხოლოდ საუკეთესო მოჭადრაკეებს იწვევენ. თუ ოდესმე წრიულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად მიგიპატიჟებენ, ქებას ნამდვილად დაიმსახურებ! ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მაღალი დონის მოჭადრაკე ხარ!
წრიული ტურნირი რა არის, უკვე იცი. იმასაც ხვდები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ამგვარი სისტემით ჩატარება და რამდენიმე ისეთი ღონისძიების შესახებაც შეიტყვე, რომელიც წრიულად იმართება. ახლა გაკვეთილების გვერდზე გადადი და დასაოსტატებლად ძირითადი საჭადრაკო იდეები შეისწავლე. თუ ბევრს იმეცადინებ, შეიძლება წრიულ ტურნირზე მიგიწვიონ!