აი, რა უნდა იცოდე საბავშვო შამათზე:
საბავშვო შამათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შამათია მოჭადრაკეებისთვის. ის პარტიას ოთხ სვლაში ასრულებს! შეტევის ობიექტი სუსტი f7-პაიკია. თავდამსხმელები კუ და ლაზიერი არიან.
საბავშვო შამათს ხშირად ვხვდებით დამწყებ მოჭადრაკეებს შორის. ეს შესანიშნავი სადებიუტო ხრიკია, რომლითაც დილეტანტი მეგობრების დამარცხება და მათზე შთაბეჭდილების მოხდენა შეიძლება! მეორეს მხრივ, თუ მოთამაშისთვის ეს მანევრი ცნობილია, მისგან თავდაცვას მარტივად შეძლებს და ოდნავ უკეთეს პოზიციასაც მიიღებს.
საბავშვო შამათით პარტიის მოსაგებად კრიტიკულად სუსტ წერტილს, f7-პაიკს უნდა შევუტიოთ.
პარტია იწყება 1.e4 e5-ით. შემდეგ c4-უჯრაზე გამოგვყავს კუ. თუ შავები ამაზე 2...მf6-ით გვიპასუხებენ, საბავშვო შამათის ჩასმას ვეღარ შევძლებთ, მაგრამ თუ 2...მc6-ს ითამაშებენ, გეგმა ძალაში რჩება!
2...მc6-ის შემდეგ ლაზიერით f7-პაიკს უნდა დავესხათ თავს. ამის გაკეთება შესაძლებელია 3.ლf3-ით ან 3.ლh5-ით. ლh5 უკეთესი ვარიანტია!
თუ შავები ჩანაფიქრს ვერ მიგვიხვდებიან, დიდი შანსია, რომ 3...მf6 ითამაშონ, რათა ფიგურა განავითარონ და ჩვენს ლაზიერს დაემუქრონ. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია არხეინად ვიყოთ. მომდევნო სვლაზე პარტიას მოვიგებთ!
3...მf6-ის შემდეგ ლაზიერით f7-პაიკს ავიყვანთ და შავ მეფეს დავაშამათებთ!
საბავშვო შამათის მსხვერპლი გამხდარა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ჭადრაკს თამაშობს. გავიგოთ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ მანევრისგან.
2...მf6-ის თამაში საბავშვო შამათის აცილების ყველაზე მარტივი გზაა. ასე ლაზიერის აყვანას შევძლებთ თუ ის h5-ზე მოვა. თუ დედოფალი f3-ს ითამაშებს მხედარი დაბლოკავს მის შეტევას f7-პაიკზე.
დავუშვათ, 2...მc6 ვითამაშეთ და მეტოქემ 3.ლh5-ით გვიპასუხა. აქაც უამრავი დაცვა გვაქვს! ამ სიტუაციაში შეგვიძლია 3...ლe7 ან 3...ლf6 ვითამაშოთ.
თავდაცვის ალტერნატიული საშუალებაა 3...g6. პაიკი მეტოქის ლაზიერს დაემუქრება და f7-ს თავდასხმისგან დაიცავს. ეს სვლა კუსაც უხსნის უჯრას ფიანკეტოსთვის.
ახლა, როცა საბავშვო შამათის შესახებ ყველაფერი გაიგე, დროა გვაჩვენო რა შეგიძლია. წაიკითხე ქვემოთ დასმული კითხვები და ამოხსენი თავსატეხები.
თავსატეხი 01: რომელ სვლებს თამაშობენ თეთრები ყველაზე ხშირად საბავშვო შამათის ჩასმის მიზნით?
თავსატეხი 02: როგორ უნდა დაიცვან თავი შავებმა ამ ოთხსვლიანი შამათისგან უსწრაფესი გზით?
შენ უკვე იცი თუ რა არის საბავშვო შამათი, როგორ უნდა მოიგო პარტია მისი საშუალებით და როგორ უნდა დაიცვა თავი მისგან! ახლა გაკვეთილების გვერდზე გადადი, რათა უკეთ დაოსტატდე და მეგობრების დამარცხება შეძლო.
გინდა სხვა თავბრუდამხვევი შამათებიც შეისწავლო? ჰოდა, წაიკითხე სტატია სამსვლიან შამათზე.