ექსკლუზიურად ქალი მოჭადრაკეებისთვის ცალკე ტიტულები არსებობს. ფიდეს ოსტატი ქალთა შორის (WFM) ერთ-ერთი მათგანია. გაეცანი ტერმინს “საჭადრაკო წოდებები”, მიიღე ინფორმაცია ფიდეს ყველა ტიტულის შესახებ და გაიგე თუ რატომ ენიჭება ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მანდილოსნებს. აი, რა უნდა იცოდე ქალთა შორის ფიდეს ოსტატის წოდებაზე:
ფიდეს ოსტატმა ქალთა შორის - ალექსანდრა ბოტეზმა აშშ-ს გოგონათა ეროვნული ჩემპიონატი 15 წლის ასაკში მოიგო. გარდა ამისა, ის კანადის გოგონათა ეროვნული ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია. ფოტო: ალექსანდრა ბოტეზის ინსტაგრამიდან.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1980 წელს ქალთა შორის ფიდეს ოსტატის წოდება გასცა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ წოდების მიმღები მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა შორის შედიოდა. ამ ტიტულის მიღება მნიშვნელოვანი მიღწევაა. ქალთა წოდებებს შორის ის მხოლოდ საერთაშორისო დიდოსტატს (WGM) და საერთაშორისო ოსტატს (WIM) ჩამოუვარდება, ოსტატობის კანდიდატს (WCM) კი, აღემატება. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით ქალთა შორის ფიდეს ოსტატის წოდება მთელ მსოფლიოში 1,799 მოჭადრაკეს აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მოჭადრაკეებს ნებისმიერი ტიტულის მოპოვება შეუძლიათ მიუხედავად იმისა, ის მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი თუ არა. თუ მოთამაშეს ერთ წოდებაზე მეტი აქვს მოპოვებული, ის თავად წყვეტს თუ რომელი ტიტულით ისარგებლებს. რეიტინგის მოთხოვნა ქალთა შორის ფიდეს ოსტატობისთვის ბევრად ნაკლებია, ვიდრე დიდოსტატობისა თუ საერთაშორისო ოსტატობისთვის.
ფიდეს ოსტატი ქალთა შორის - ანა კრამლინგი ცნობილი სტრიმერია. ფოტო: ანა კრამლინგი.
ფიდეს წოდებები, ჩვეულებისამებრ, ნორმების შესრულებით და საჭირო რეიტინგ მაჩვენებლით მოიპოვება. ნორმის მიღება ხდება კონკრეტული შედეგით კლასიკურ საჭადრაკო ტურნირში, რომელიც ფიდეს ეგიდით იმართება და რომელშიც წოდებიანი მოჭადრაკეები თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ქალთა შორის ფიდეს ოსტატობას ნორმა არ სჭირდება. ამ წოდების მისაღებად ქალ მოჭადრაკეს უნდა ეწეროს 2100 პუნქტი ფიდეს რეიტინგში და ნათამაშევი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30 რეიტინგ-ტურნირში.
ქალთა შორის ფიდეს ოსტატის ტიტულის მოპოვება შესაძლებელია მაღალი შედეგითაც რამდენიმე ტურნირში. მაგალითად, 14-წლამდე და 12-წლამდე ასაკის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. გარდა ამისა, 12, 14 და 16-წლამდე ასაკის კონტინენტური და რეგიონული ჩემპიონატების ქალთა სექციების გამარჯვებულებს წოდება ავტომატურად ენიჭებათ. თუმცა, 2017 წლიდან ტიტული ავტომატურად გაიცემა მხოლოდ იმ მოჭადრაკეებზე, რომელთაც 1900-იან რეიტინგ-პუნქტს გადააბიჯეს.
WFM მარია ემელიანოვა ცნობილი საჭადრაკო ფოტოგრაფია. ფოტო: მარია ემელიანოვას ინსტაგრამიდან.
ქალთა შორის ფიდეს ოსტატები და სხვა ტიტულოვანი მოთამაშეები ChessKid-ის საჭადრაკო საზოგადოების წევრები არიან. სია იხილე აქ. მათი იდენტიფიცირება ვებ-გვერდზე მარტივია, რადგან წოდებები, როგორც წესი, სახელების გვერდით უწერიათ.
ასეთია, მაგალითად, ფიდეს ოსტატი ქალთა შორის - მარია ემელიანოვა, აღიარებული საჭადრაკო ფოტოგრაფი და სტრიმერი, რომელმაც ჭადრაკის თამაში 6 წლის ასაკში ისწავლა, წოდება კი, 16 წლისამ მოიპოვა. ChessKid-ზე ის ცნობილია სახელით - PhotoChess. მან გააშუქა პირველი ChessKid/ბრიტანეთის ჩემპიონატი 2021 წლის ივნისში. ვიდეო იხილე აქ.
კიდევ ერთი ფიდეს ოსტატი ქალთა შორის, რომელმაც ChessKid-ის ღონისძიებას სტრიმი მიუძღვნა, ანა კრამლინგია. ვიდეოში სახელწოდებით “ChessKid-ის ევროპის გუნდური ფესტივალი: რეგიონი 8” ჩანს, რომ მან ჩრდილოეთ ევროპის რეგიონი გააშუქა. ეს 2022 წლის ოქტომბერში იყო.
ფიდეს ოსტატი ქალთა შორის - ალექსანდრა ბოტეზი (ChessKid-ზე ცნობილი, როგორც Friendly Queen) 2021 წელს ჩვენს ვებ-გვერდს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაში დაეხმარა. იხილე ვიდეო. ის ბავშვებს ჭადრაკს ეთამაშება, მხიარულების ოსტატი მაიკი კი, აკომენტარებს. ვიდეოში სახელწოდებით “შევეშვათ, მივაწვეთ თუ ავიყვანოთ?” ის პაიკის სტრუქტურას გვიხსნის.
ChessKid-მა და FIDE-მ 2022 წლის ივლისში ჩაატარეს ურეიტინგოთა პირველი ტურნირი 16-წლამდე გოგონათა შორის. სავარაუდოდ, შეჯიბრში მომავალი ფიდეს ოსტატები მონაწილეობდნენ.
ფიდეს ოსტატი ქალთა შორის, რომელიც, ასევე, ეხმარება ChessKid-ს, ელიზაბეტ შპიგელია. ის ChessKid-ის საკლასო გაკვეთილების გეგმის ავტორია და წერს სტატიებს მასწავლებლებისა და მოთამაშეებისთვის შთაგონების მისანიჭებლად. ერთ-ერთი ასეთი სტატიაა “ჯილდოს მფლობელი ჭადრაკის მწვრთნელის დისტანციური სასწავლო გეგმა”. ელიზაბეტი გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში - "ბრუკლინის ციხესიმაგრე", როგორც ნიუ-იორკში მოღვაწე მწვრთნელი მრავალწლიანი გამოცდილებით. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ის ასწავლის, ერთადერთი საშუალო სკოლაა, რომელმაც მოიგო ეროვნული ჩემპიონატი უმაღლეს სკოლებს შორის.
შენ უკვე იცი თუ რას ნიშნავს ქალთა შორის ფიდეს ოსტატის წოდება და რამდენად პრესტიჟულია ის. თუ მანდილოსანი ხარ, ტიტულის მოპოვების გზას უნდა დაადგე. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა ჭადრაკში გაძლიერდე და ფიდეს წოდებას მიუახლოვდე!